logo
ENG



"მუქარაა ფესტივალის მიმართ, ჩანს, რომ მინისტრის დაწერილი პოსტია"- ჩხეიძე კინოცენტრზე

02 ივნ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ კინოცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადება მუქარაა ფესტივალის მიმართ და ფიქრობს, რომ აღნიშნული პოსტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებითაა დაწერილი.

"ეს არის მუქარა ფესტივალის მიმართ, რომ ფესტივალი შეიძლება დაიხუროს, თუმცა მე ვერ ვხვდები რა იურიდიული საფუძველი შეიძლება ამას დაედოს იმიტომ, რომ ხელშეკრულებაში მსგავსი რამ არ წერია, რომ გოეთეს ინსტიტუტის ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის თუ პოზიციის გამო, შეიძლება ფესტივალი საკუთარ ქვეყანაში აკრძალოს კულტურის სამინისტრომ. კინოცენტრს არ უნდა დაეწერა ეს. აშკარად ჩანს, რომ მინისტრის დაწერილია, მისი მითითებით ან კარნახით დაწერილი სტატუსი. ასე, რომ კინოცენტრი არ არის ჩემი განმათავისუფლებელი ორგანიზაცია. კინოცენტრმა კი არ გამათავისუფლა, არამედ სამინისტრომ. კინოცენტრს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რას ვაკეთებდი ან რა მიკეთებია ქართული ფილმის განვითარების ფონდში. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მინისტრის პოსტი"- ამბობს ჩხეიძე.

დღეს კინოცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძის დაჯილდოებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე.

1-ელ ივნისს ცნობილი გახდა, რომ გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ის კინოცენტრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო მოხსნეს.

კინოცენტრი ამტკიცებს, რომ ჩხეიძე კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან არა უკრაინის მხარდაჭერის გამო, არამედ კულტურის შიდა აუდიტის დასკვნის გამო გაათავისუფლეს.

***

გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 2022 წლის 14 მარტს გაათავისუფლეს.

კინოცენტრის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა

ყოფილმა დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებაა.


close დახურვა